STAND WITH GEM Fest!

0 have signed. Let’s get to 1,500!


2015 წლიდან, სამეგრელოში, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში…”GEM Fest”  შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის !!!

რა არის “GEM Fest” 2015-2018 ?

o ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი;

o ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული სივრცის შექმნა თვითრეალიზაციის მიზნით;

o 1000-ზე მეტი მსოფლიო დონის არტისტი ანაკლია-განმუხურში (Solomun,Paul Kalkbrenner, armin van buuren, Axwell/Ingrosso, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, martin garrix,Gus Gus,Sunnery James & Ryan Marciano, Steve aoki,Dub FX, Boris brejcha, Mano le tough, Aly & Fila და სხვები…);

o პირველად საქართველო მსოფლიო საფესტივალო რუკაზე

o მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი კავკასიის რეგიონსა და მინიმუმ უახლოეს 1000 კმ. რადიუსში;

o უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ამერიკიდან, ევროპასა და აზიიდან. (“GEM Fest” 2015-2017-ს მხოლოდ უცხოელი,  30.000 ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო );

o “GEM Fest” - ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი და საერთაშორისო მედიის უალტერნატივო მხარდაჭერა (ტელეკომპანია BBC პროექტის ოფიციალური მედია მხარდამჭერი; ფესტივალი გააშუქა: EURONEWS, CNN, DANCETRIPPIN, ENERGY INTERNATIONAL);

o რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა და ანაკლიის გარდაქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად;

o საერთაშორისო აღიარება და ამერიკის მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა ფესტივალის ფარგლებში (ანაკლია-განმუხურში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ პროექტით „ზრდა საქართველოში“ დაიწყო ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება და ადგილობრივი მოსახლეობის დატრეინინგება, ასევე კერძო საკუთრების, სასტუმროს ტიპის სახლების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 7 მილიონი ა.შ.შ. დოლარი);

o მოსახლეობის დასაქმება და მცირე ბიზნესისთვის პლატფორმის შექმნა (“GEM Fest” 2015-2017 წლებში 3500 მდე  დასაქმებული ადამიანი);

o “GEM Fest” 2015-2017 წელი ანაკლია-განმუხურში ვიზიტორთა მხრიდან დახარჯული 30 მილიონ ლარზე მეტი;

ახლა GEM Fest-ს შენი, ჩემი, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება…

2015 წელს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებიდან გამომდინარე, მაშინდელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სიგუას გაუჩნდა “GEM Fest”-ის ჩატარების იდეა და არ გააჩნდა არაფერი, იდეისა და ძლიერი სურვილის გარდა, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე, ბოლო სოფელს ყველა კანის ფერის, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის სტუმრისთვის ღირსეულად ემასპინძლა. მთავრობის წევრებთან დაპირისპირებისა (თანამდებობის დაკარგის ჩათვლით) და მრავალი პრობლემის მიუხედავად,გიორგი სიგუა გუნდის წევრებთან ერთად ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს “GEM Fest 2015”, რომელზეც 7 მილიონი ლარი იხარჯება და  თანხა სრულად არის მოძიებული კერძო ბიზნესებიდან.

2016 წელს ფესტივალის ბიუჯეტი 5.5 მილიონ ლარამდე მცირდება, მთავრობის წევრები, რომლებიც წინა წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარების იდეას მძაფრად აკრიტიკებდნენ, მისი ეფექტურობის დანახვისთანავე ანაკლია-განმუხურს ესტუმრნენ და გადაწყვიტეს,”GEM Fest 2016”-ის ჩასატარებლად, 1.9 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეხარჯათ.

2017 წელს იდეა, რომ ფესტივალი გინესის რეკორდების წიგნში შთამბეჭდავი ლაინაფითა (500 არტისტი 8 სცენაზე) და ხანგრძლივობით (32 დღე) შესულიყო, შემქმნელებისთვის ფინანსური წარუმატებლობით დასრულდა, რადგან 32 დღიანი ფესტივალის ჩატარებას 17 მილიონი ლარი დასჭირდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი მხოლოდ 4 მლნ ლარი გამოიყო. ფესტივალის ორგანიზატორებს ანაკლიის მოსახლეობისა და ფესტივალზე პირდაპირ და ირიბად დასაქმებულთა წინაშე ფინანსური ვალდებულება (ჯამში  1 მლნ ლარზე მეტი) შეუსრულებელი დარჩათ და სწორედ წელს, ”GEM Fest 2018”-მა, რომელიც 4 დღე გაგრძელდება, ეს ვალდებულებები სრულად უნდა დაფაროს და წარმატებულ ბიზნეს-პლატფორმადაც იქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩატარდეს…

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა, მორიგ ჯერზე გაემიჯნა “GEM Fest”-ს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან (დაახლოებით) 4.2 მილიონი ლარით ალტერნატიული ფესტივალი დააფინანსა, რომელიც “GEM Fest”-ის მსგავსად, 4 დღე გაგრძელდება (შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 32 დღიანი ფესტივალისთვისაც ხაზინიდან, მხოლოდ 4 მლნ ლარი დაიხარჯა), "GEM Fest"-ის გუნდმა საკუთარი რესურსის გამოყენებით, რამოდენიმე თვის წინ დაიწყო საფესტივალო სამზადისი. ლაინ აფის პირველი ნაწილი უკვე გამოცხადებულია და GEM Fest-ის  გუნდი აგრძელებს  დარჩენილი ლაინ აფის  შესადგენად არტისტებთან მოლაპარაკებებს.

 “GEM Fest”-ის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს მთავრობისგან არ ითხოვს არაფერს, გარდა ტერიტორიისა, რომელზეც უკვე მეოთხე წელია ტარდება “GEM Fest” და იმისთვის, რომ ფესტივალი სრულფასოვნად წარიმართოს და ახალგაზრდებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, ხელისუფალთ, უკვე მეორედ მივმართავთ თხოვნით, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოგვეცეს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის მიწის ნაკვეთი (8 ერთეული), სადაც ტრადიციულად იმართება მსოფლიოში პოპულარული  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “GEM Fest”.

27 მარტს ჩვენ წერილობით მივმართეთ ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ პირდაპირი იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოეცათ აღნიშნული ტერიტორია, თუმცა წერილი, არც განიხილეს და დაუყოვნებლივ გვაცნობეს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სხვა ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენს მოთხოვნას ვერ განიხილავდნენ. გავიდა 2 თვეზე მეტი და (ამ დრომდეც), არ დაანონსებულა 9-12 აგვისტოს გასამართი რაიმე სახის ღონისძიება ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, რის გამოც უარი გვეთქვა წერილის შინაარსის განხილვაზე.

4 ივნისს, დაახლოებით 12:30-სთ-ზე, “GEM Fest”-ის საორგანიზაციო გუნდმა, განმეორებითი მოთხოვნა დააფიქსირა ქონების ეროვნულ სააგენტოში, საფესტივალო ტერიტორიის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადმოცემის შესახებ და იმავე დღეს, დაახლოებით, 14:30-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელისა და ე.წ.“კონტრფესტივალის” (როგორც მას “GEM Fest”-ის აუდიტორია იუმორით მოხსენიებს), ორგანიზატორების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ 4 მლნ-ზე მეტი ლარით დაფინანსებული კოლეგა მუსიკალური ფესტივალი, 23-26 აგვისტოს, სწორედ აღნიშნულ ტერირორიაზე უნდა გაიმართოს...

მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწორედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა და ანაკლიის საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად გარდაქმნა გახლავთ, ამდენად მხოლოდ მივესალმებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული სივრცის შექმნის მცდელობას, კოლეგა ფესტივალის სახით. ასევე გვჯერა, რომ კონსტრუქციული დიალოგის გზით, შევძლებთ მათ საორგანიზაციო გუნდთან მოლაპარაკებას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ფესტივალებისთვის მზადების პროცესი ყველასთვის ხელსაყრელ ფორმატში წარიმართება, მით უფრო რომ კოლეგები აღნიშნულ ღონისძიებას “GEM Fest”-ის დასრულებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ იწყებენ. ამდენად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გამოიჩინოს კეთილგონიერება და გამოხატოს  ნება, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ “GEM Fest 2018”-ის შეძენილი ბილეთების (გაყიდულია 2000 ზე მეტი ბილეთი) მფლობელებს და ფესტივალის სხვა სტუმრებს, ვისაც ჯერ არ შეუძენია ბილეთი, მაგრამ გეგმავს 9-12 აგვისტოს ესტუმროს ანაკლიას ჩვენი ფესტივალის ფარგლებში, სრულფასოვნად ვუმასპინძლოთ. 

სამოქალაქო, ასევე არასამთავრობო სექტორის, უფლებადამცველი ორგანიზაციბისა და დიპლომატიური წრეების მზარდი ინტერესის ფონზე, “GEM Fest”-ის გუნდი გეგმავს საჯარო შეხვედრების გამართვას, რათა დეტალურად მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაცია ფესტივალის გარშემო მიმდინარე და განვითარებული მოვლენების შესახებ.

 იმედს ვიტოვებთ, რომ პეტიციას, რომელზე ხელის მოწერითაც უახლოესი 1(ერთი) კვირის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებასა და სოლიდარობას  ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის მიმართ, რომ გადმოგვეცეს პირდაპირი იჯარით სარგებლობის უფლებით ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონა, 9-12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთავრობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და გონივრულ ვადებში, გვაცნობებს პასუხს, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ტრადიციად ქცეულ საფესტივალო ტერიტორიაზე დავიწყოთ  სამზადისი ”GEM Fest 2018”-ის სრულფასოვნად ჩასატარებლად.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ ანაკლია-განმუხურში მცხოვრებმა მოსახლეობამ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ უკვე გადმოგვცეს საკუთარი, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს მთავრობა არალოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, უარს გვეტყვის აღნიშნული ტერიტორიის 4 დღით იჯარით გადმოცემასთან დაკავშირებით და ურთიერთობა/კომუნიკაციის ფორმატს განსხვავებულ ჭრილში გადასვლისკენ მისცემს ბიძგს.

ყველა თქვენგანის ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ “GEM Fest 2018” ჩატარდეს იქ, სადაც 4 წელია ტარდება ფესტივალი, სადაც ჩვენი სტუმრებისთვის ყველა კუთხე უკვე მშობლიურია და სადაც გადის “ხელოვნური” საზღვარი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან, რომლებიც “GEM Fest”-ზე ყოველწლიურად უფასოდ შემოდიან და ჩვენდა სასიხარულოდ, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება… 

გთხოვთ,  მოაწეროთ  ხელი  და  გაავრცელოთ…

თითოეული  ხელმოწერა გადამწყვეტია…

შევხვდებით ანაკლიაში, “GEM Fest 2018”-ზე!

 

STAND WITH GEM Fest!



Today: GEM Fest is counting on you

GEM Fest needs your help with “Government of Georgia : STAND WITH GEM Fest!”. Join GEM Fest and 1,248 supporters today.