17 მაისის მანიფესტი

0 have signed. Let’s get to 1,000!


საქართველოში ლგბტ ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფია. მუდმივი ძალადობისა და დისკრიმინაციის ფონზე მათ ასევე მძიმე ეკონომიკურ პრობლემებთანაც უწევთ გამკლავება, შეზღუდულად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, ხშირად აქვთ უსახლკარობის პრობლემა. 2018 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ადამიანების 70,7%-ს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუცდია ფიზიკური ძალადობა, 72,6%-ს ფსიქოლოგიური ძალადობა, 53% კი სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლია. ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ძალადობასა და შევიწროვებას, კიდევ უფრო დამძიმებულია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის გამო.

ჰომოფობიის გაღვივებით, მოწყვლადი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებითა და ჩაგვრით არა მოსახლეობა, არამედ პოლიტიკოსები სარგებლობენ. ჰომოფობია არამხოლოდ ლგბტ ადამიანების, არამედ მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, რადგან სწორედ ერთმანეთზე გადაკიდებით, ჰომოფობიაზე ყურადღების გადატანითა და მანიპულირებით იჩაგრებიან როგორც ლგბტ ადამიანები, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელსაც მწვავე სოციალური პრობლემები ეხება.

მართლაც, მოსახლეობის 75% საქართველოში სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, უმუშევრობა სერიოზულ გამოწვევად რჩება და საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. სხვადასხვა გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია: 1. სამუშაო ადგილები (52%), 2. სიღარიბე (31%), 3. ტერიტორიული მთლიანობა (30%), 4. ფასების ზრდა (28%) და 5. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (25%). ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება წლებია, ითხოვს გარემოს დაბინძურების პრობლემების მოგვარებას და უკონტროლო ხეების ჭრის, გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო ჰესების მშენებლობის რეგულაციას. სამოქალაქო საზოგადოება ასევე წლებია, ითხოვს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას, რომელიც ნარკოდამოკიდებულების საკითხის მოგვარების ნაცვლად მოსახლეობის ციხეში გაშვებასა და მათი ცხოვრების გაუბედურებაზეა ორიენტირებული. მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს კი, შრომის კოდექსის სისუსტის და შესაბამისი ინსპექტირების ინსტრუმენტის არ არსებობის გამო, ოჯახის სარჩენად მაღაროებსა და მშენებლობებზე ყოველდღიურად სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. ეს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის ფასად გვიჯდება - 2011 წლიდან დღემდე 1209 მუშა დაიღუპა და დაშავდა სამუშაო ადგილზე. ხელისუფლების მიერ პრობლემის იგნორიების გამო კვლავ გადაუჭრელია ქალთა მიმართ ძალადობის და ჩაგვრის პრობლემები და პარლამენტთან წლების მანძილზე მუშაობის მიუხედავად, კონსენსუსი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე ვერ შედგა. უამრავი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. განსაკუთრებით მწვავედ დგას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხი, რადგან, ისინი, ერთი მხრივ, ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან და ამავდროულად, ეზღუდებათ ხელმისაწვდომობა განათლებასა და ჯანდაცვაზე.

მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, პოლიტიკოსები აღნიშნული პრობლემების მოგვარების ნაცვლად მოსახლეობის ემოციებით მანიპულირებენ და ლგბტ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და არასწორ შეხედულებებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

ისტორიას ახსოვს 2013 წლის 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელიც სინამდვილეში კონკრეტული იდეოლოგიური ძალების მიერ ჰომოფობიის სტრატეგიულად მობილიზების, ათასების მიერ ერთეულების ხოცვის მცდელობის დღედ იქცა, ადამიანების მიერ უკონტროლო აგრესიის, შიშის, უმწეობის განცდის, და უფრო ფართოდ - ერთი დიდი საზოგადო სირცხვილის დღედ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პოლიტიკოსები დღემდე ლგბტ ადამიანების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების ხარჯზე წარმატებულად აგრძელებენ ადამიანთა დიდი ნაწილის სიცოცხლის უფლების უგულებელყოფას;

პოლიტიკოსები ადამიანების კონკრეტული ჯგუფის ხმის ჩახშობის მცდელობით უქმნიან ილუზიას სხვა ადამიანებს, თითქოს მათი ხმა მოსმენილია, თითქოს მათი დაკვეთა სწორედ ისაა, რომ გაჩუმებული, დამალული და უხილავი იყოს მოქალაქე, რომლის სიძულვილის გამყარებასა და გაღრმავებაშიც თავად პოლიტიკოსების როლი უდიდესია.

“მედიის განვითარების ფონდის” 2016 წლის წინასაარჩევნო 9 თვის ანალიზმა დადასტურა, რომ მედიასთან ერთად ჰომოფობიური გამოხატვის მთავარი წყარო სწორედ პოლიტიკური პარტიები იყვნენ. ანგარიშში გაანალიზებულია პოლიტიკოსთან მიერ ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენების 140-მდე საჯარო შემთხვევა:

  • მათ შორის ყველაზე მეტი ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს” უკავშირდება. ასევე, ჰომოფობიის გამომხატველი იყო ამ პარტიასთან დაკავშირებული სახალხო კრება და 2016 საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი;
  • “ქართული ოცნება”, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, რითაც ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობად უნდა განისაზღვროს;
  • “მოძრაობა ეროვნულები”, რომლის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, გამოკვლევის მიხედვით, 2016 წლის 19 თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ხშირად აკეთებდა სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს;
  • “თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის”, რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო და კოალიცია 2016 წლის მაისის ბოლოს დატოვა;

მონიტორინგმა ასევე დაადგინა, რომ ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ 6 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა, მათგან 4 საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რეფერენდუმის აუცილებლობას უკავშირდებოდა.

ჰომოფობია და ტრანსფობია საფრთხეს უქმნის არა მარტო იმ ადამიანს, რომლის არსებობაც გაუცნობიერებლად გვაშინებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, რადგან ამ შიშს ჩვენს მოსატყუებლად იყენებენ პოლიტიკოსები, ჩვენი ფუნდამენტური უფლებების უგულებელსაყოფად გვახვევენ თავს სიძულვილს, რომლის ფასსაც, გვახსოვდეს, ყოველი ჩვენგანი იხდის; რომლის ხარჯზეც, არ დაგვავიწყდეს, სხვები პოლიტიკურ თუ მატერიალურ კაპიტალს აგროვებენ!

დროა, გავასწოროთ ფოკუსი და გავერთიანდეთ მათ წინააღმდეგ, ვინც მოქალაქეებს იდეოლოგიურ იარაღებად გვიყენებს;

ნუ მივცემთ პოლიტიკოსებს თავის მოტყუების საშუალებას! ამ ბრძოლაში ყველანი ერთად უნდა დავდგეთ! ეს ყველას გვეხება!

ჩვენ მოვითხოვთ:

1. ხელისუფლებამ განახორციელოს სტრატეგიულად დაგეგმილი სისტემური ნაბიჯები საზოგადოებაში ჰომოფობიის დონის შესამცირებლად განათლების, საკანონმდებლო, ჯანდაცვის, ძალოვანი უწყებების და სასამართლო სისტემებში! ასევე, სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს 2012-13 წლების 17 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლის პროცესები, უნდა დარჩეს ობიექტური და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია!

2. პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მიმართონ უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ, რომელიც მთელ საზოგადოებას, მათ შორის, ლგბტ ადამიანებს აწუხებთ!

3. დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნოდ ლგბტ ადამიანების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და ლგბტ თემისგან მტრის ხატის შექმნა!



Today: Equality Movement is counting on you

Equality Movement needs your help with “პოლიტიკოსები: 17 მაისის მანიფესტი”. Join Equality Movement and 519 supporters today.